განცდა მაქვს, რომ ლილუაშვილი ბაჩიაშვილის საქმესთანაა დაკავშირებული და ამ ამბავს შეეწირა - ხიდაშელი
ვის რა შეეშალა და რაზე მიანიშნებს ჩხრეკების დაწყება ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში? - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ ივანიშვილს პირადი ბრაზი ამოძრავებს.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელს ივანიშვილის კარზე "სხვა კალიბრის" ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომაც ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ლილუაშვილს რაღაცა ფუნდამენტურად შეეშალა ივანიშვილთან.
განცდა მაქვს, რომ ლილუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთანაა დაკავშირებული და ამ ამბავს შეეწირა - აცხადებს თინა ხიდაშელი "პირველებთან".
როდესაც ღარიბაშვილს ხელს მოჰკიდებდნენ ანტოკორუფციული ტალღის ფონზე, არავისთვის ეს კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა და რაიმე განსაკუთრებული გაოცებები საზოგადოებაში არ იქნებოდა, მაგრამ ლილუაშვილი ცოტა სხვა კალიბრის იყო ივანიშვილის კარზე ყოველთვის - რაღაცა ფუნდამენტურად შეეშალა, როგროც ჩანს. ივანიშვილი ასეთ ადამიანებს პასუხისგებაში აძლევს ხოლმე მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების გამო. ეს არის ყველაზე ცალსახა, მყვირალა დადასტურება იმისა, რომ რეჟიმი არის სრულ აგონიაში და ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პირადი ბრაზით. მაქვს რაღაცა ტიპის განცდა, რომ ლილუაშვილი არის ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული და შეეწირა ამ ამბავს", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.