ჩხრეკა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში - $7 მილიონი და 136 000 ლარი, ძვირფასი საათები და დოკუმენტები

18.10.25 17:07
ჩხრეკა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში - $7 მილიონი და 136 000 ლარი, ძვირფასი საათები და დოკუმენტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში. 

მისივე თქმით, ამოღებულია: 

  • 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

მამუკა მდინარაძის უწყებაში ითქვა, რომ სწვალობენ დოკუმენტებს და ფულის წარმომავლობას. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შესახებ.

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

 

მსგავსი სიახლეები