ექსკლუზივი: ჯარის ფულის მოპარვის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ექსკლუზივი: თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ღუდუშაურმა საპყრობილე გუშინ დატოვა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შეამდგომლობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.
ინფორმაცია ექს მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ "შაბათის ეთერს" ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ დაუდასტურა.
მე რაც ვიცი, [ვლადიმერ ღუდუშაური] გაათავისუფლეს. საპროცესოთია ეს თუ აღკვეთი შეუცვალეს, ამ წუთისთვის ზუსტად არ ვიცი"- აცხადებს ადვოკატი.
დიმიტრი ხაჩიძის თქმით, საქმის მასალებში, რომელიც ბოლოს ნახა, ბურჭულაძის წინააღმდეგ ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენება არ დევს.
"შაბათის ეთერი" ასევე დაინტერესდა, ემზადება თუ არა თავდაცვის ექს-მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო გარიგებისთვის. TV პირველის ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ექს მაღალჩინოსანი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ამ საკითხზე დიმიტრი ხაჩიძე არ საუბრობს.
"შაბათის ეთერმა" ღუდუშაურის ადვოკატიც ჩაწერა, თუმცა ლევან სეფიაშვილი არ ამბობს, ექს-მაღალჩინოსანს აღკვეთი შეუცვალეს თუ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.
მისი და სქაქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. [მისცა თუ არა ჩვენება ბურჭულაძის წინააღმდეგ] ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. მე რომ ჩვენებაზე ან ნებისმიერ სხვა საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაზე რომ გესაუბროთ, სამართლებრივად ეს ჩემი მხრიდან გამართლებული არ იქნება"- ამბობს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.