იური ლომიძე მოსამართლეს: "ჩემი შეგნებული ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებოდი, 16 წლის ვიყავი ფორმა რომ ჩავიცვი"
"მე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი. 16 წლის ვიყავი ფორმა რომ ჩავიცვი"- ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა იური ლომიძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.
„პატივცემულო მოსამართლევ, მე ჩემი შეგნებული ცხოვრება ვფიქრობდი და ვფირობ, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი. 16 წლის ვიყავი, როცა ფორმა ჩავიცვი და ამ ორი წლის წინ, იმიტომ, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ, გადავწყვიტე, ცოტა ხანი პაუზა ამეღო საჯარო... მეუღლე მეხმარებოდა, დამეყენებინა ჩვენი შვილები განათლების სწორ გზაზე. როდესაც პირველი კონტრაქტი დავამთავრე თავდაცვის სამინისტროში, გადავწყვიტე, პოლიციაში გამეგრძელებინა, იმიტომ, რომ ვხედავდი, რომ პოლიციელები ყოველდღიურად უფრო მეტად გამოსადეგი ხალხი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში როგორც ჯარისკაცს, შეიძლებოდა, კარიერა ისე დამესრულებინა, რომ არ მომცემოდა იმის ბედნიერება, რომ ჩემი ქვეყნისთვის ან მებრძოლა ან სისხლი დამეღვარა... ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში წასვლა და ბედნიერი ვიყავი ის წლები, მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ვიღაც დამტვრეული მანქანიდან გადმომეყვანა, ვიღაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამომეყვანა, ვიღაცას დავხმარებოდი ოჯახში ძალადობის დროს ან სხვა ძალადობის დროს და კმაყოფილი ვიყავი ამით.
თუმცა როგორც გითხარით, პრიორიტეტი შვილებზე გავაკეთე, რადგან მათ სჭირდებოდათ სწორ გზაზე დაყენება და მინდოდა, მეუღლეს ამაში დავხმარებოდი. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც პოლიციიდან წამოვედი, ცოტა გამიჭირდა ფსიქოლოგიურად, მთელი ცხოვრება აქტიურობას ვიყავი მიჩვეული და ალბათ ეს იყო ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც 4 ოქტომბერს იქ ვიმყოფებოდი, რაღაც დაუოკებელი სურვილი, დავხმარებოდი მას, ვისაც იქ გაუჭირდებოდა. ამითაც ბედნიერი ვარ, იქ დავეხმარე ადამიანებს, გაჭირვებულებს, ზოგი ნაცემი იყო, ზოგს გული მისდიოდა, პოლიციასაც დავეხმარე, მათ შორის... კმაყოფილი ვიყავი ამით.
მე დღეს გთხოვთ, ჩემთვის აქ ჯდომა უკვე დიდი სასჯელია ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქ მომიწევდა ყოფნა. გთხოვთ, ჩემ მიმართ ნუ გამოიყენებთ აღკვეთის სახით პატიმრობას, რადგან მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემი 6 წლის შვილს, რომელიც აცრემლებული და შეშინებული დავტოვე საბნის ქვეშ... მინდა, ჩემი შვილი წავიყვანო ცეკვაზე, იმიტომ, რომ გზად თავდაცვის სამინისტროსთან ყოველთვის მხედრულ სალამს ვაძლევდით ხოლმე ჯარისკაცებს და ის ჩემ გარეშე მას აღარ გააკეთებს. მინდა, რომ გააგრძელოს ასე ცხოვრება და ყოველთვის მიესალმოს ყველა ფორმიანს, მინდა, ცოტა ხანი ისევ ვიყო მასთან და ეს ყველაფერი ვასწავლო.
მინდა, მომცეთ შესაძლებლობა, ჩემს მეუღლეს გადავუხადო მადლობა... გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა, დედაჩემი გავამხნეო, რადგან მას პერიოდულად უწევს ომის ჭრილობებისგან დაღუპული მამაჩემის საფლავზე დროშა შეცვალოს და არ მინდა, რომ... გთხოვთ, შესაძლებლობა მომცეთ, დავემშვიდობო მამაჩემს, მან სისხლი დაღვარა ქვეყნისთვის... არ არსებობს ჩემგან მიმალვის საფრთხე, პასპორტიც კი არ მაქვს. მე მქონდა ამერიკის ვიზა, მაგრამ ვადა გავუყვანე, არ ვფიქრობ ოდესმე, რომ ჩემი ქვეყნიდან წავალ".
პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული 5 პირიდან ოთხისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.