რით მოვიდა და რით მიდის ღარიბაშვილი - მხოლოდ ფაქტები
ირაკლი ღარიბაშვილის გამდიდრების ისტორია თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელში იწყება. 2012 წლამდე, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი დედოფლისწყაროში თავისუფლების ქუჩაზე, ერთ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობდა.
ახლა კი ყოფილ პრემიერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ორჯერ უფრო დიდი, საგვარეულო მამულები აქვს.
2014 წლიდან ექსპრემიერის ოჯახმა საგვარეულო მამულების გაფართოება ოთხჯერ მოასწრო. როდესაც პრემიერი გახდა, საგვარეულო მამულში ერთი წითელი აგურის სახლი იდგა და სახლის უკან ბოსტანი იყო.ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში კი საგვარეულო მამულების მასშტაბი ისე გაიზარდა, რომ ფართობით საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რეზიდენციასაც გადაუსწრო.
მდიდრული სასახლეები და საგვარეულო მამულებისთვის მიერთებული ათასობით კვადრატული მეტრი მიწა, დედოფლისწყაროში ღარიბაშვილების ერთადერთი შენაძენი არის. ტარიელ ღარიბაშვილი ბიზნესმენი და მილიონერიც შვილის გაპრემიერების შემდეგ გახდა.
ღვინის ბიზნესი ტარიელ ღარიბაშვილმა ჯერ ადგილობრივ ფერმერზე ნუგზარ ალუღიშვილის სახელზე გააფორმა, მას შემდეგ რაც ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩვენმა გუნდმა მოამზადა, 2023 წლის 12 ოქტომბერს ღარიბაშვილის მამამ ეს კომპანია სრულად გადაიფორმა. ოფიციალურად ქარხანაში ექს პრემიერის პენსიონერმა მამამ 710 900 ლარი გადაიხადა.
ღვინის ბიზნესი, კომპანია ქართული ფესვები ქარხნები, ჯამში, 27 ათას 494 კვადრატული მიწა, შატო ფრანგული ჯიშის ვენახებით, ხილით, არყისა და ღვინის სახდელი ცისტერნებით, მოჩუქურთმებული აივნებით, თონეებით და მუხის მასიური ტიხრებით. მთელი ეს ქონება ტარიელ ღარიბაშვილმა შვილის, ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერიების შემდეგ დააგროვა. მიწები და ვენახები, რომელიც შატოს ერწყმის ტარიელ ღარიბაშვილს შვილის პრემიერობის პერიოდში აქვს ნაყიდი.
ზამთრის სასახლე და ბაკურიანის ტყის ნაწილიც, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაა. 1530 კვადრატულ მეტრ მიწაზე აშენებული, ორ სართულიან ქვის სახლს ორი წლის წინ ეზოდ ტყე მიუერთეს. ტყის ნაწილი ნახევარი საუკუნით სატყეო სააგენტომ ნუნუ თამაზაშვილს იმ დროს გადასცა, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს იკავებდა.
ბაკურიანში ქონების დაგროვება ამით არ დასრულებულა. მიწა ექსპრემიერის ზამთრის სასახლესთან ახლოს მისმა პენსიონერმა სიდედრმა იყიდა. მაია პაპიაშვილის სახელზე 930 კვადრატული მეტრი მიწა 2023 10 ივლისს გადაფორმდა. მაია პაპიაშვილს არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, თუმცა მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა.
ღარიბაშვილების ოჯახის სახელზე მხოლოდ დიდძალი უძრავი ქონება არ ირიცხება. ექსპრემიერის ბალანსზეა ძვირადღირებული საათები და მდიდრული მანქანების ავტოპარკიც. ღარიბაშვილების საცხოვრებელის ეზო ძვირადღირებული მანქანების ავტოსალონს ჰგავს.