ჩანერგილები 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა შორის?! - სკანდალური კადრები
"შაბათის ეთერს" მიაწოდეს 4 ოქტომბერს 19 საათსა და 07 წუთზე გადაღებული კადრები - ფაილის ავტორი TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს უყვება, რომ თავადაც საპროტესტო აქციის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, პოლიციელების სამოქალაქო პირებად გარდაქმნის პროცესს შეესწრო.
მარიამ ჟვანია ირწმუნება, რომ 4 პოლიციელს მითითებებს ერთი ზემდგომი აძლევდა.
ეს ზუსტად ის დროა, როდესაც თავისუფლების მოედნიდან ათონელის რეზიდენციისკენ ხალხი უკვე დაძრულია და ღობეები ჯერ კიდევ წაქცეული არ არის. მისი თქმით, გადაცმული პოლიციელების დანახვამ დააეჭვა და გადაღება დაიწყო.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მარიამ ჟვანიას თქმით, მის სოციალურ ქსელში დამეგობრების თხოვნა არაერთი პოლიციელისგან მიიღო. ქალი ამტკიცებს, რომ არ წყდებოდა მუქარის შემცველი შეტყობინებები.
აქტივისტის თქმით, დედის ტელეფონზე შევიდა ზარი პოლიციის განყოფილებიდანაც. მისი შეფასებით, ყველას მიზანი აქტივისტის გაჩუმება იყო.
"შაბათის ეთერი" არკვევდა, რა როლი ჰქონდათ შეგზავნილ ადამიანებს, 4 ოქტომბერს პროვოკაციების მოწყობაში. მოვლენების ქრონოლოგია აქტივისტებს უმყარებს ეჭვს, რომ იმ დღეს ქართული ოცნების მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი დანაშაულის პროვოცირება მოეხდინა, რომ შემდეგ სამაგალითო დასჯის მოტივით, ციხეში უამრავი ადამიანი ჩაესვა. საბოლოო მიზანი კი ცხადია რაც უნდა ყოფილიყო - პროტესტის გაშავება და ხალხის დაშინება.