როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და გადავიდნენ "პრესინგზე" - ხუხაშვილი ჩხრეკებზე
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ კობახიძის მთავრობასა და ექსმაღალჩინოსნებს შორის, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, ამან შედეგი ვერ გამოიღო, ჩატარებული ჩხრეკა კი "ოცნების" ყოფილი ლიდერებისთვის ბოლო გაფრთხილებაა.
მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, შეძლებდნენ თუ არა მოლაპარაკებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ჩანს, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო და გადავიდნენ ზეწოლის, პრესინგის შემდგომ ეტაპზე. თვითონ ეს ოპერაცია ბოლო გაფრთხილებაა, რაღაც ვადა მისცეს ეტყობა, რომ რაღაც გადაიხადონ ამ ყველაფერში რაღაც ფორმით და თუ არ გადაიხდიან, ვნახავთ მერე ისტორიის გაგრძელებას, - ამბობს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.