გურიაში გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მიტოვებული სახლი გაჩხრიკეს
გურიაში სუს-ისა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, გამომძიებლები იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში, სადაც დაათვალიერეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის სახლი.
მიტოვებული საცხოვრებელი მეზობლისა და გამგებლის თანდასწრებით გაიჩხრიკა. ამ დროისთვის უცნობია, რას ეძებდნენ ან რა ნივთი ამოიღეს.
მოწმე აღნიშნავს, რომ არ იცის, რა დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
შეამოწმეს, შევიდნენ, ვერაფერი ნახეს და წაბრძანდნენ. მე ვიყავი და ხელიც მომაწერინეს. ამ ხალხმა მალაპარაკა სანდროსთან, ორი სიტყვა მითხრა. იქნებოდა ასე 11 კაცი. გამგებელიც დაესწრო ჩხრეკას. ვერაფერი ნახეს, რა უნდა ენახათ აქ? აბლაბუდებშია მთელი სახლი, - ამბობს მოწმე.
ის, რომ სანდრო ლილუაშვილის სახლში ჩხრეკა იყო, სატელეფონო საუბარში "პირველებს" სოფლის რწმუნებულიც უდასტურებს. თემურ შარაშიძემ თავდაპირველად თქვა, რომ სამართალდამცველებს მხოლოდ პირველ სართულზე შეყვა, თუმცა მერე ამტკიცებდა, რომ მეორე სართულზეც ავიდა.