ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
ლუქსემბურგში დღეს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება იქნება.
ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში ბოლო მოვლენებზე, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილავენ აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს, ევროკავშირის ურთიერთობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, და ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.
გარდა ამისა, მინისტრებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებზე.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას კაია კალასი უხელმძღვანელებს.