რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში იწვევს
ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს, ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეები საკუთარ სამხედრო ძალებში ჩარიცხოს. უკვე რამდენიმე დღეა, საჯაროდ იძებნება ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს მოქალაქეებს რუსულ ჯარში მსახურებას სთავაზობენ. რუსული მხარე მათ სთავაზობს ფინანსურ ანაზღაურებას კონტრაქტის საფუძველზე.
როგორც ირკვევა, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში თითო მებრძოლს 2 მილიონ 500 ათას რუბლს გადაუხდიან. გარდა ამისა, შეთავაზება ითვალისწინებს, რომ თანხა გაიზრდება, თუ კონტრაქტორი მებრძოლი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლების დანაშაულია, რადგან ამგვარი ვებგვერდები საქართველოში საერთოდ უნდა დაიბლოკოს.
ამასთან, ქართველი მებრძოლი ფიქრობს, რომ ამ ხრიკით რუსეთი ცდილობს, დაადგინოს, რამდენად იმუშავა საქართველოში რუსულმა პროპაგანდამ.
ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები ჩართონ ტერორისტულ ჯარში და ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული. პირველ რიგში, დანაშაულია საქართველოს ხელისუფლების, იმიტომ, რომ აძლევენ უფლებას, რომ ეს მოხდეს საქართველოში. ასეთი ვებგვერდები აუცილებლად უდნა დაიბლოკოს. მეორეს მხრივ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია, ცდილობენ, გატესტონ, რამდენად შეძლო რუსულმა პროპაგანდამ და ითამაშა თავისი როლი საქართველოში, რომ საქართველოს გარვეული ფენა დათანხმდეს, ფულის სანაცვლოდ წავიდეს, იყოს დაქირავებული მკვლელი. მე ვერ დავარქმევდი მათ ქართველებს, ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
ექსპერტების შეფასებით, ოკუპანტის რიგებში ჩაწერა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ამას, სავარაუდოდ, შეზღუდვები არ მოჰყვება.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეკრუტირება უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში. ეს არის მოქალაქის არჩევანი, თუ ის დატოვებს საქართველოს მოქალაქეობას და ჩაეწერება ოკუპანტის რიგებში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დასჯადია. დაქირავებულად შესვლა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ არის უკვე სახელმწიფო პოლიტიკაზე. შენ თუ გინდა, ხელი შეუწყო მეგობრულ ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში, არ შეზღუდო ეს ყველაფერი, აცხადებ ამნისტიას ან წაუყრუებ ამგვარ რეკრუტინგს. თუ გინდა, რომ ხისტად მიუდგე, რადგან ეს ქვეყანა შენი ოკუპანტია და შენ მტრად აღიქვამ, მაშინ ამის ძლიერი შეზღუდვა შეიძლება. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, არ მგონია, ამას რაიმე შეზღდვა შეხვდეს, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამბობს უსაფრხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.