„ოცნებაში“ გერმანიის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე პირველი კომენტარი კეთდება
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი, - ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი გერმანიის მხრიდან ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციისთვის გაწვევას და ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ “გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული და სიღრმეებში შესვლას არ აპირებს.“
პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის პიტერ ფიშერს და ამბობს, რომ "ნაცვლად იმისა, ხიდის როლს ასრულებდეს მთავრობებს შორის, მან აირჩია - კედლის როლი".
პაპუაშვილის მტკიცებით, “30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე“.
როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იყოს. [...]
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. მე სიღრმეებში აღარ შევალ, ჩვენი პოზიციები ცნობილია მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით და ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გადააზრება მოხდეს, რომ მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის როლს. ეს ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებისთვის იყვნენ", - ამბობს ის.