რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებული მოვლენები შემაშფოთებელია“
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ტოიუმ ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა რუმენისთვის შემაშფოთებელია. მისივე თქმით, მათი ქვეყნისთვის მნიშნელოვანია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით განვითარდეს.
რუმინეთი არის ქვეყანა, რომელსაც როგორც ბოლო დროს, ისე ჩვენს ისტორიაში უნახავს მომენტები, როდესაც მოქალაქეები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე იცავდნენ ჩვენს დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლის გზას და ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეკრების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამ ინსტრუმენტის და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის დაცვა. ისეთი არჩევნების, სადაც არ ხდება ოპოზიციური პარტიების და პარტიების ლიდერების დაშინება კანონის მოქმედებით, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ,“ - აღნიშნა ოანა ტოიუმ.
მისივე თქმით, რუმინეთი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, თუმცა დემოკრატიულ საკითხებზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან დიალოგის კუთხით გვაქვს, თუმცა ეს პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უნდა მოგვარდეს, რათა ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს, თუკი ეს არის მოქალაქეების ნება,“ - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.