"უმაღლესი განათლების სისტემის ამპუტაცია" - პროფესორ-მასწავლებლები კობახიძის განათლების რეფორმას აკრიტიკებენ

20.10.25 15:27
"უმაღლესი განათლების სისტემის ამპუტაცია" - პროფესორ-მასწავლებლები კობახიძის განათლების რეფორმას აკრიტიკებენ

განათლების ახალ რეფორმას მწვავდე აკრიტიკებენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. ლექტორები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" განათლების ხარისხით არ არის დაინტერესებული და მათ ინტერესს მხოლოდ კომერციული მხარე წარმოადგენს. 

ჩვენ ხომ ვიცით, რომ განათლების ხარისხი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" ინტერესი. ყველა ცვლილება, რომელიც შევიდა განათლებაში, პირიქით, აზიანებს ხარისხს და ერთადერთი ინტერესი, რომელიც რეჟიმს ამოძრავებს, არის, როგორც წესი, კომერციული, ძალაუფლების გამყარეიბს და ფინანსური ინტერესი. შესაბამისად, ჭავჭავაძის გამზირზე ისტორიული უნივერსიტეტი შენობები და დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლები მათთვის არის მოგების და ქონების კიდევ ერთხელ შეძენის საშუალება, - ამბობენ პროფესორ-მასწავლებლები.  

კიდევ ერთი ლექტორი პირდაპირ ამბობს, რომ კობახიძის განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის ამპუტაციაა. 

ბევრი მიზანია, პირველ რიგში ის, რომ უნივერსიტეტების სრული კონტროლი იყოს და მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის მსგავსი სიმართლის მთქმელი უნივერსიტეტი აღარ არსებობდეს, იმიტომ, რომ მთელი რესურსი გამოეცალოს მას და ცხადია, ფული. ძალიან დიდ ფულს იშოვნიან, იმიტომ, რომ ეს არის უზარმაზარი შენობები. ეს იქნება ალბათ პირველი პრეცედენტი მსოფლიოში, როცა აი, ასეთი უხეში, ქირურგიული ჩარევაც არ არის ეს, ამპუტაცია მოხდა უმაღლესი განათლების სისტემის, - ამბობს ლექტორი. 

სტუდენტები და აკადემიური საზოგადოება დღეს ორ საპროტესტო შეკრებას გეგმავენ:

18:00 საათზე - განათლების სამინისტროსთან სტუდენტური აქცია,

20:00 საათზე - პირველი გიმნაზიის ეზოში განათლების სფეროს წარმომადგენელთა საერთო შეკრება.

აკადემიური წრეების შეფასებით, ეს რეფორმა შეიძლება იქცეს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის კონტროლის ბერკეტად, თუ პროცესში არ ჩაერთვებიან თავად უნივერსიტეტები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა თბილისში არსებული ცალკეული უნივერსიტეტების შენობების გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ იგეგმება ახალი და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

"ოცნების" პრემიერმა არ დააკონკრეტა, რომელი უნივერსიტეტების შენობებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტს და სხვა ისტორიულ კამპუსებს.

 

მსგავსი სიახლეები