დღე 3 - რა ხდება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან
ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის წევრი არ პასუხობს კითხვას, სად იმყოფება "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერმინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი სახლთან , მოსეშვილის ქუჩაზე გამოყოფილი ავტოპარკის ნახევარი ცარიელია, თუმცა მანქანები, რომლებითაც ექს-პრემიერი გადაადგილდება კვლავ იქ დგას, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ ღარიბაშვილი თბილისშია და კობახიძე-მდინარაძის განაჩენს ელოდება.
[ბატონი ირაკლი, ძალიან კარგად არის, ყველანი კარგად ვართ. კომენტარს არ ვაკეთებთ და თუ შეიძლება მიბრძანდით, დაელოდეთ სანამ რაღაცას გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის. რა ბედი უნდა ელოდეს, რატომ უნდა დაიჭირონ," - ამბობს დაცვის წევრი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.
ამ დრომდე უცნობია დაკითხეს თუ არა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები.