უნივერსიტეტების შენობებს გაყიდიან?
თსუ-ს მაღლივი კორპუსი, თსუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ტერიტორია, თსუ-ს მეხუთე კორპუსი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი და ფლიგელი კოსტავას 77 ნომერში - ეს არის მხოლოდ ორი სახელწმიფო უნივერსიტეტის ქონება, რომელ შენობებსაც არც ძეგლის სტატუსი აქვს და არც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშს წარმოადგენენ. რის გაყიდვას აპირებს კობახიძე? - მსჯელობის საგანი ეს თემა მას შემდეგ გახდა, რაც "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ განათლების რეფორმების ფარგლებში სახელწმიფო უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა და ამ ფულით რეფორმის ჩატარებაა მოსალოდნელი, კობახიძემ დააკონკრეტა, რომ გასაყიდად შეიძლება გამოიტანონ საინტერესო მდებარეობის მქონე შენობები.
ირაკლი კობახიძე განათლების რეფორმად ფუთავს უნივერსიტეტების გაერთიანებას, შესაბამისად, თბილისში ცალკეული უნივერსიტეტების შენობები უფუნქციო ხდება, რაც ბიზნესმენებზე გასხვისდება - მაღლივთან, ჭავჭავაძეზე, სააკაძის მოედანზე - ეს შენობები მომგებიან ლოკაციებზეა და ნებისმიერ ბიზნესმენს დააინტერესებს როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე შენობები - რამდენიმე თვეში თბილისის ცენტრალურ ადგილებში უნივერსიტეტების შენობების ნაცვლად შეიძლება ახალი კორპუსები და სასტუმროები აშენდეს.
მიწის ნაკვეთი, სადაც თსუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დგას 90 ათასი კვადრატული მეტრია, ბიბლიოთეკის შენობის გარდა, მიწის დანარჩენი ნაკვეთი აუთვისებელია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საცხოვრებელი კომპლექსი აშენდეს - მაშინ, როდესაც ქვეყანა სრულ იზოლაციაშია, დასავლური ინვესტიციები აღარ შემოდის ქვეყანაში, ბიუჯეტში თანხები შესატანია, მომგებიანი იქნება "ოცნებისთვის" კომერციული მიზნით ცენტრალურ უბნებში არსებული შენობების გაყიდვა.
კობახიძისეული რეფორმა პროფესორებს, ლექტორებს და მკვლევარებს აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მიზანი დამოუკიდებელი უნივერსიტეტების განადგურება, საპროტესტო მუხტის შესამცირებლად სტუდენტების რეგიონებში გაშვება და სასწავლებლების ხელისუფლებას დამორჩილებაა.