[ფარცხალაძე] დამწყები ბანდიტი იყო, ახლა ადამიანის მკვლელობაშიც მოიხსენიება - ლაშა თორდიას პირველი კომენტარი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლის ჩხრეკის ფაქტს "TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ფარცხალაძეს სრულიად კრიმინალური მენტალიტეტი აქვს.
ყოფილი აუდიტორი, რომელიც აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს, მასზე 8 წლის წინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლუბ “ელ ცენტროში” მას ფარცხალაძესთან ერთად მიხეილ ჩოხელიც გაუსწორდა.
- ლაშა თორდიამ 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.
- თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.
[ფარცხალაძე] 2017 წელს დამწყები ბანდიტი იყო, ახლა მკვლელობებზეც გადავიდა - ასეთი შეფასება გააკეთა მან "საჯარო პოლიტიკაში" სტუმრობისას და თქვა, რომ მისი სახელი "ერთი ადამიანის მკვლელობაშიც მოიხსენიება".
მისი განცხადებით, დღეს დღეისობით ცნობილი არ არის რომელი სისხლის სამართლის მუხლებით დაიწყო ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება, თუმცა გამოძიება არ დაიწყებოდა ხელისუფლებას რომ არ უნდოდეს, რომ "კონკრეტული შედეგი დადგეს".
ასევე, ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა ფარცხალაძემ მასზე "ძლევამოსილი ადამიანის ინტერესები გადაკვეთა".
8 წლის წინ იყო საუბარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, რომ ოთარ ფარცხალაძის განუზომელი ძალაუფლება, მართლაც გამოიხატებოდა სახელმწიფო ბანდიტიზმში, რომელსაც ის ჩადიოდა მთელი ამ წლების მანძილზე და მაშინ არა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები, "რადიო თავისუფლება", ჟურნალისტური გამოძიებები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს ადამიანი იყო განუზომელი ძალაუფლების მატარებელი, მისი ქონება და ბიზნეს ინტერესები იყო ყველგან თითქმის, გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა მისი სიმდიდრე. 8 წლის თავზე ამ ხელისუფლებას მოუწია მისი ჩხრეკა, ალბათ გადაიკვეთა ინტერესები.
მოვლენების განვითარება როგორც ხდება ყოველთვის, იმნაირად განვითარდა აქაც - ამ ხელისუფლებამ წარმოშვა ეს ადამიანი განუზომელი ძალაუფლებით, არ არსებობდა არანაირი ბერკეტი ამ ადამიანის დაბალანსების, მთელი მართლმსაჯულების სისტემა თითქმის იყო მის ხელში მოქცეული, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, სუს-ის ანტიკორუფციულ ბიუროშიც მისი ძმა იყო დასაქმებული, შესაბამისად ამ ადამიანის მენტალურმა მდგომარეობამ, ის სრულად კრიმინალური ადამიანი არის, მენტალურად კრიმინალური, მიიყვანა იმ დონემდე, რომ ამ ადამიანმა ალბათ გადაკვეთა მასზე ძლევამოსილი ადამიანის ინტერესები.
დღესდღეისობით არ არის ცნობილი რომელ სისხლის სამართლის დანაშაულზე არის ბრალდებული, დაჭერილი არ არის, არც ვიცით გამოძიება რაზე მიდის არ ვიცი, ნამდვილად არ მსმენია, უბრალოდ ვიცით, რომ ჩხრეკა ჩატარდა მისი და ჩოხელის სახლებში, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში. ეს ჩოხელი მისი თანმხლები პირი არის, როგორც მე მაქვს გაგებული, მონაწილეობს ყველა მის ბიზნეს ბანდიტიზმში, რომელიც მას აქვს განხორციელებული, შესაბამისად ახლო მომავალში ვნახავთ რა ინტერესებზეა საუბარი, რა საქმეზე არის ეს გამოძიება დაწყებული. თუმცა ჩემი ინციდენტის შემდეგ ეს ადამიანი არაერთ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობდა. თავიდან დამწყები ბანდიტი იყო და მხოლოდ შემოიფარგლებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, ახლა როგორც ვიცით უკვე ერთი ადამიანის მკვლელობაშიც მოიხსენიება მისი სახელი და გვარი, უკვე მკვლელობებზეც გადავიდა. ეს ზუსტად იწვევს იმას, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი შემაკავებელი ფაქტორი, შესაბამისად მივედით იმ შედეგამდე, რა შედეგიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო, როდესაც ძალაუფლება... ჩვენ გაგვიგია, რომ ძალაუფლება რყვნის, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სრულიად კრიმინალური მენტალიტეტი, ამ ადამიანებს აგიჟებს და ეს ადამიანი, ალბათ, გაგიჟდა მთლიანად და გადაკვეთა ყველა ის საზღვარი, რა საზღვარიც ჰქონდა დაწესებული, შესაბამისად დადგა ის შედეგი, რა შედეგიც დღეს ჩვენ თვალწინ ვითარდება...
უბრალოდ არ დაიწყებოდა ეს შედეგი კონკრეტული შედეგი რომ არ უნდოდეს ხელისუფლებას რომ დადგეს," - განაცხადა ლაშა თორდიამ.