კინო "რუსთაველის" ისტორიულ შენობაში, კობახიძემ სამშენებლო კომპანიის გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში, კინო "რუსთაველის" ისტორიულ შენობაში, ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანია Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი გახსნა. ცერემონია, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობის წევრები და ბიზნესმენები ესწრებიან, ამ წუთებში მიმდინარეობს.
- არაბული კომპანიის, Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარია.
როგორც ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციაზე თქვა, კომპანიამ თბილისსა და გონიოში სხვადასხვა დანიშნულების კომპლექსები უნდა ააშენოს და ჯამში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს.
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, რენდერიდან, რომელიც Eagle Hills-მა გამოაქვეყნა, ორკვევა, რომ კომპანიამ მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე.
კინოთეატრი „რუსთაველი“ 1939 წელს აშენდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა