"ყველაფერი ვიცი..." - კობახიძე ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკაზე პირველ კომენტარს აკეთებს
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკების სერიაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
"ოცნების" პრემიერს დღეს "პირველებმა" ჰკითხა, თუ რა მუხლით აღიძრა საქმე ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ და გამოკითხულები არიან თუ არა ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე.
კობახიძემ თქვა, რომ "ყველაფერი იცის", თუმცა, საჯაროდ არ იტყვის, რადგან ინფორმაციის გაჟღერება არა მისი, არამედ საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა.
მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ყველაფერზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გამოძიებას უნდა კითხოთ. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი, მე უფლება არ მაქვს. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. ყველაფერი ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.