ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა - კობახიძე
ირაკლი კობახიძემ კვლავ გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და განაცხადა, რომ „საელჩოში ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობაა“.
კობახიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე. ელჩის საპასუხო წერილი მოძრაობა „დაფიონმა“ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ოცნების" პრემიერის მტკიცებით, ევროკავშირი „ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობას“ მხარს უჭერს და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.
ევროკავშირის საელჩოში, ყველამ იცით, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, იმ ფონზე, როცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.