"არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი" - კობახიძე

21.10.25 15:10
"არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი" - კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის განცხადებით, გზის გადაკეტვის გამო არცერთი ჟურნალისტი არ არის დაკავებული. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ფორმულას" ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ქეთა ციცქიშვილმა გზა არა როგორც ჟურნალისტებმა, არამედ როგორც პარტაქტივმა გადაკეტეს. 

მისი განცხადებით, ქუჩაში დგომა დანაშაულია.

არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი [ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი] არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტებიო, არამედ როგორც პარტაქტივი. 

რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამის... 

ქუჩა გადაკეტეს 50-მა კაცმა. კი, რა თქმა უნდა [ქუჩაში დგომა არის დანაშაული], როგორ შეიძლება 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ეს არის კანონდარღვევა. კანონდარღვევისთვის არის გათვალისწინებული ზეპროპორციული, უაღრესად პროპორციული...

დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა, ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იგივე ზომები დაუპირისპირდება...

მედია არა შუაშია კაცო, როგორც პარტაქტივი მივიდნენ და გადაკეტეს ქუჩა. რა თქმა უნდა, ახლა გაიგეთ? [პარტიულები არიან ქეთა ციცქიშვილი და ვახო სანაია]," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაია 19 ოქტომბერს დააკავეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო ქეთა ციცქიშვილი გუშინ იმავე ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის 5 დღით ციხეში გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები