კობახიძე განმარტავს, რატომ გაამკაცრა "ოცნებამ" კანონი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

21.10.25 15:25
კობახიძე განმარტავს, რატომ გაამკაცრა "ოცნებამ" კანონი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

 

 

ირაკლი კობახიძე ყველას, ვინც რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ვინც ახლა დაკავებულია ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრვიი წესით, "პარტაქტივად" მოიხსენიებს.

"ოცნების" პრემიერმა დღეს "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ  რატომ გაამკაცრა "ოცნებამ" კანონი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. კობახიძე ამბობს, რომ ჯარიმებმა ვერ გაამართლა - "არ იყო საკმარისად ეფექტური" და ამიტომაც ჩანაცვლდა ის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობით.

ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჰუმანური, მეთოდური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისთვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ სამას ადამიანს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად.

ეს [პატიმრობა] არის ეფექტური ზომა, თქვენ ხედავდით, რომ ჯარიმები არ იყო საკმარისად ეფექტური. ეფექტურში რას იგულისხმება - კანონს ხომ არღვევენ ყოველდღე. კანონის და საერთაშორისო სტანდარტებს თანახმად, ადამიანებმა არ შეიძლება, გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა, არ შეიძლება, 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე.

ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანს არ ეძალადა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს, სისხლის სამართლებრივი წესით პატიმრობა. 

კოლექტიური ლომჯარიები დგანან ტროტუარზე - ხან 100- ხან 150, ხან 200 და ისინი ყოველდღიურად წირავენ 25-მდე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლის პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნება დიდი პერსპექტივა.

არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი [ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი] არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტებიო, არამედ როგორც პარტაქტივი. ", - განაცხადა კობახიძემ.  

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

 

მსგავსი სიახლეები