ძალიან უხერხულია, რომ მოქმედმა მერმა ეს არ იცის - ნიკა მელია

21.10.21 17:55
ძალიან უხერხულია, რომ მოქმედმა მერმა ეს არ იცის - ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი კონკურენტს ხელისუფლებისგან, კახა კალაძეს, არაკომპეტენტურობაში ამხელს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას შეუძლია, 180 ათასი სკოლის მოსწავლის კვება სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველჰყოს. ნიკა მელიას ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხების არაკორუფციული ხარჯვის შედეგად შესაძლებელია, ქალაქის ბიუჯეტმა 80 მილიონი ლარი დაზოგოს, რაც მოსწავლეთა სრულფასოვან კვებას  მოხმარდება.

რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება:
იუნისეფის ბოლო კვლევის თანახმად მოსწავლეების 35% მუდმივად განიცდის შიმშილს.
მშიერი ბავშვი ვერ ახერხებს ვერც საგანმანათლებლო პროცესში სრულად ჩართვას და ეს აისახება მის შემდგომ განვითარებაზე ცხოვრებაში.
ამ პროგრამით მუნიციპალიტეტი 170 სასწავლო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 180 ათასი თბილისის მოსწავლის კვებას.
ხარჯი სოლიდურია, დაახლოებით 80 მილიონი ლარი.
გარდა იმისა, რომ ამ თანხის დაფინანსება თავისუფლად შესაძლებელია საბიუჯეტო თანხების არაკორუფციული ხარჯვით, პოლიტიკური და ზოგადი ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული თანხებით.
მე ვაცხადებ, რომ ჯანმრთელი და განათლებული მომავალი თაობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამ ეტაპზე ნებისმიერ სხვა პროგრამაზე მეტად მნიშვნელოვანია განსახორციელებლად, ნებისმიერზე.
შეუძლია თუ არა ამ პროგრამის განხორციელება თბილისის მერიას?! - აბსოლუტური აბსურდია, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია მოსწავლეებისთვის კვების უზრუნველყოფის სოციალური პროგრამის განხორციელება, ძალიან უხერხულია, რომ მოქმედმა მერმა ეს არ იცის.
- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.