ჩინოვნიკები, ძალოვანები, მოსამართლეები, ბიზნესმენები - ბრიუსელი "ოცნებას" მასშტაბურ სანქციებს უანონსებს
ბიძინა ივანიშვილის პარტიის ლიდერები, მოქმედი მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები, მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები შესაძლოა მალე ევროკავშირის სავიზო სანქციების სამიზნედ იქცნენ. როგორც ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, ევროკომისიას უკვე აქვს ჩამონათვალი იმ პირებისა, რომელთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება იგეგმება - ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩაიკეტება მათთვის ევროკავშირის კარი.
გრეგოროვას თქმით, ევროკომისიამ უკვე განსაზღვრა სანქციების მექანიზმი იმ ადამიანების მიმართ, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ატარებს და საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ მოქმედებს.
სავიზო სანქციების თემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ევროკავშირის 27-ვე მინისტრმა მიიღო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ აზიანებს ივანიშვილის პარტია საქართველოს ევროპულ მომავალს. სწორედ ამ განხილვის შემდეგ განაცხადა ევროკავშირის საგარეო კომისარმა, რომ მზად არიან, „ოცნებასთან დაკავშირებულ ჯგუფებს“ გაუუქმონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
სანქციების თემაზე ამ დრომდე დუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ბრიუსელში ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სახელდება. ის კომენტარს არ აკეთებს არც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, არც იმ ფაქტზე, რომ ბოლო თვეებში ევროკავშირის უმაღლეს ფორმატში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაქტობრივად მოწვეულნი აღარ არიან.
ივანიშვილის გუნდი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სანქციების მნიშვნელობას ფასადურად ამცირებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ნაბიჯები მათ პოლიტიკურ გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.