კობახიძემ ჰესების პროექტები შეაჩერა - რა ენერგეტიკული ქსელი მოქმედებდა წლების განმავლობაში?
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შეჩერდა ყველა ის ენერგოპროექტი, რომლის შესახებაც მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, მაგრამ მემორანდუმი ჯერ არ იყო გაფორმებული. განკარგულებით შეწყდა 1.7 გიგავატის სიმძლავრის პროექტების განხილვა, რაც მოიცავს როგორც ჰესების, ისე მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას.
მთავრობის განმარტებით, ცვლილება უკავშირდება ენერგოპოლიტიკის გადახედვას, თუმცა კობახიძე არ მალავს წინა პრემიერების - ირაკლი ღარიბაშვილისა და მამუკა ბახტაძის ენერგეტიკული კურსის კრიტიკას. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სექტორში წესრიგის დამყარებას და გაუმჭვირვალე პრაქტიკის შეწყვეტას.
ამ განკარგულებით, მინიმუმ 85 კომპანიას უარი ეთქვა ნებართვაზე, მათ შორის იმ პროექტებზე, რომლებიც შეთანხმებული იყო მაშინ, როცა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე იყო. ის დღეს სავარაუდო კორუფციული გარიგებების საქმეზეა დაკავებული.
გაუქმებული პროექტების ფონზე კვლავ ჩნდება კითხვა, უკავშირდება თუ არა ცვლილება მხოლოდ რეფორმის სურვილს თუ დაპირისპირებას ხელისუფლების შიგნით, კერძოდ - ორ ირაკლის შორის.
გარემოსდამცველების თქმით, წლების განმავლობაში აშკარა იყო ტენდენცია, როცა მთავრობა თანხმობას აძლევდა ერთ კომპანიას ჰესის აშენებაზე, მაგრამ შემდეგ პროექტი სხვა კომპანიაზე იყიდებოდა, რაც, მათი შეფასებით, კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.