„ოცნება“ ვეტერანი აქტივისტის წინააღმდეგ - კაცი, რომელიც ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერი იყო, ქუჩის გადაკეტვისთვის დააკავეს
კახა მიქაია, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსაყვანად იბრძოდა, დღეს იმავე პარტიის მიერ ციხეში აღმოჩნდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“-ს ლიდერი წარსულში იყო ყველა იმ აქციის ორგანიზატორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ტარდებოდა სამეგრელოში.
ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა ვეტერან აქტივისტს სახლში მიაკითხა და დააკავა - იმავე ბრალდებით, რის გამოც რამდენიმე საათით ადრე მისი შვილი უკვე დაკავებული იყო.
დაკავებამდე მიქაიამ კომენტარი „პირველებთან“ გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვას მშვიდობიანი ფორმით აპირებდა. ის იმ პროტესტს უერთდებოდა, სადაც მონაწილეები ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დევნის და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მოითხოვდნენ სამართლიანობას.
მიქაიას დაკავებამ ოპოზიციურ სპექტრში აღძრა კითხვები - შეიძლება თუ არა, რომ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი, რომელიც დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ დგას, კვლავ იმავე სისტემის მსხვერპლი გახდეს, რომელსაც ოდესღაც თავად ემსახურებოდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.