არ ვიქნებოდი მართალი ამ ყველაფრისთვის მეყურებინა გვერდიდან - მამუკა ხაზარაძე
,,არ ვიქნებოდი მართალი, რომ ჩემი პარტიის წარმომადგენლები ჩამერთო ამ კოალიციაში და მე ამ ყველაფრისთვის მეყურებინა გვერდიდან" - ამის შესახებ ,,ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა ტვ პირველის გადაცემა ,,რეაქციაში" კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით გააკეთა.
ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა:
ორი დღის წინ გვქონდა რიგითი შეხვედრა, უკვე იგეგმებოდა წარდგენის სცენარი და იმ მომენტში კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ეს მეორე ტური, იმიტომ რომ ქვეყანა სერიოზულ კრიზისშია და ნიკას, როგორც ქალაქის მომავალ მერს და საერთოდ, ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ჭირდება სერიოზული დახმარება და ჩავთვალე, რომ არ ვიქნებოდი მართალი, რომ ჩემი თანაგუნდელები წარმედგინა ჩვენი პარტიიდან კოალიციაში და მე ამისთვის გარედან მეყურებინა და არ ჩავრთულიყავი და უცბად ვუთხარი ნიკას , ელენეც ესწრებოდა და რამდენიმე ადამიანი, რომ მზად ვარ ამაში ჩავერთო, სხვათაშორის არანაირი პირობა არ გვქონია ჩვენ, არანაირი თანამდებობის გადანაწილება, რაოდენობა და ასე შემდეგ, ეს მოხდა ბუნებრივად და პროფესიონალური ნიშნიდან გამომდინარე - იქ არ თქმულა, რომ ამდენი ლელოელი უნდა იყოს, ან ამდენი ვინმე სხვა, ჩვენ ამას შევხედეთ ძალიან პროფესიონალურად და ეს ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ერთერთი სწორი გზა"- თქვა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მას ერთი პირობა ჰქონდა:
უბრალოდ, ერთადერთი პირობა, თხოვნა დავარქვათ, ასეთი იყო ელენეს მიმართ, ზურა ჯაფარიძე არ ესწრებოდა, რომ თუ ელენე და ზურა დათანხმდებოდნენ ამ ნაბიჯს, მე მზად ვიყავი ეს დამედასტურებინა, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების მერე. ავიღე რამდენიმე საათიანი პაუზა, მეორე დღეს შევხვდი პოლიტსაბჭოს, სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მხარდაჭერა"- თქვა ხაზარაძემ.