"ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკას რუსეთის ინტერესებზე დამოკიდებულს ხდის და ქვეყანას სანქცირებული პროდუქციის გადამუშავების ცენტრად აქცევს.
რუსული ნავთობის შემოტანამ საქართველოში ახალი პოლიტიკური და უსაფრთხოების კითხვები გააჩინა. ოპოზიციის შეფასებით, „როსნეფტის“ მიერ ყულევის ტერმინალში ნავთობის გადამუშავება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ რისკებსაც ქმნის - საქართველო შეიძლება, აღმოჩნდეს დასავლური სანქციების ზღვარზე და უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის გავლენის ორბიტაში.
რუსული ნავთობის გადამუშავება ეხმარება კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში და სწორედ ეს არგუმენტია მოყვანილი ბრიტანულ სანქციაში, როდესაც ორ დიდ ნავთობგადამამუშავებულ კომპანიას ასანქცირებს ბრიტანეთი ამ მოტივით. შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ ორბიტაზე მყარდება საქართველოს ყოფნა და უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას ერთის მხრივ, სანქცირების კუთხით, იმიტომ, რომ შესაძლებელია, სანქციები ასევე ამ კომპანიას დაუწესდეს და მეორეს მხრივ, მათ შორის საფრთხეს უქმნის მთლიანად არა მხოლოდ ენერგოსექტორს, არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გასაგებია, რომ აქ არის ივანიშვილის მხრიდან მხარის არჩევის პროცესი და მისი განზომილებაა სწორედ ყულევისთვის ამ შეღავათების მიცემა. ეს არის მხოლოდ პატარა ნაწილი იმ საჩვენებელი პროცესის, რომელიც საქართველოს რუსეთის მხარეს ომში ჩართვას უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ, - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკას რუსეთის ინტერესებზე დამოკიდებულს ხდის და ქვეყანას სანქცირებული პროდუქციის გადამუშავების ცენტრად აქცევს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს ამ ქვეყანაში რუსეთისვის პატარა ეკონომიკური სათბურის მშენებლობას. ამის მორიგი მაგალითია "რუსნევტიდან" ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ნედლეულის შესყიდვა. იმ მომენტში, ახლა, როდესაც ყველასთვის პრობლემაა მთელ სამყაროში რუსული ნავთობის შესყიდვა, საქართველოში ამის პრობლემა არ უდგას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესებს, ზოგადად, "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენ ვიყოთ გასაღების ბაზარი სანქცირებული რუსული პროდუქციისთვის, ჩვენ ვიყოთ მთავარი პლაცდარმი, საიდანაც სანქცირებული პროდუქცია რუსეთში შევა. ეს პროცესი გრძელდება ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ის დროებითი ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც "ქართული ოცნება" სისტემურ და სტრუქტურულ ეკონომიკური რეფორმების შედეგად აღიარებს, არის ამაზე დაყრდნობილი, ამ კრიმინალურ მიდგომებზე ქვეყნის ეკონომიკასთან, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
რუსულმა „როსნეფტმა“ პირველად შემოიტანა 105 ათასი ტონა ნავთობი ყულევის ტერმინალში. ამის შესახებ Reuters-მა დაწერა. ტანკერმა „კაისერიმ“ ტვირთი 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩამოიტანა.
მიუხედავად ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავებულია, - წერს გამოცემა.
მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსული ნავთობის შემოტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ გემი და კომპანიები სანქციების სიაში არ არიან.
ყულევის ქარხნის პროექტი 2024 წლის ოქტომბერში იყო წარდგენილი.