მარტა კოსი: ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ

22.10.25 15:14
მარტა კოსი: ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ

ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება - ასე ეხმაურება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.

„ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, - წერს მარტა კოსი X-ზე.

ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს („ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“) და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს.

პრემია დაარსებულია 1988 წელს და გადაეცემა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამორჩეულ წვლილს შეიტანენ.

 

მსგავსი სიახლეები