მიხეილ სააკაშვილი: პროკურატურა ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე

22.10.25 18:59
მიხეილ სააკაშვილი: პროკურატურა ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე მის დაკითხვას ითხოვს.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: 

„ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის “პროკურატურა” ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.

მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას. ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია. ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!“, - აცხადებს სააკაშვილი.

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირი დააკავეს.  მათგან მხოლოდ 2-ს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და გრაფიკულ დიზაინერს, ია დარახველიძეს შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და გაათავისუფლეს.  დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

მსგავსი სიახლეები