"ხდება ფულის ამოღება, ურჩხულს სჭირდება მუდმივი კვება" - რა ხდება "ოცნებაში"
გია ხუხაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართული ოცნების" სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს თავიდან რაღაც თანხა მოსთხოვეს, როდესაც მათ "ვერ დააკმაყოფილეს ის ამბიციები, რომ სალარო შეევსოთ", საჯაროდ ამოიტანეს აღნიშნული თემა.
პოლიტოლოგის განმარტებით, ახლა ფულის ამოღება და "ოცნების" ექს-მაღალჩინოსნების დასჯა მიმდინარეობს.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ სისტემა კორუფციაზე დგას, რადგან "ურჩხულს სჭირდება მუდმივი კვება".
ეს პროცესი დღეს ხომ არ დაწყებულა, თავიდან მოთხოვეს, სავარაუდოდ, რაღაცა X თანხა, ამას [ღარიბაშილს] და სხვებს. მერე უკვე, რადგან ესენი გაჯიუტდნენ და მერე როგორც ჩანს ვერ დააკმაყოფილეს ის ამბიციები, რომ სალარო შეევსოთ, საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ საჯაროდ გამოიტანეს ეს თემა და ხდება ფულის ამოღება, ამათი დასჯა და ა.შ.
სისტემა კორუფციაზე დგას, მნიშვნელოვანი რა არის, ახლა ღარიბაშილს დაიჭერენ, ეს დეტალია. მთავარია დიდ სურათში რა ხდება, სისტემა თავისთავად დგას კორუფციაზე, კორუფციის გარეშე ამ ტიპის სისტემები ვერ არსებობს იმიტომ, რომ ურჩხულს სჭირდება მუდმივი კვება, ეს საკვები თვითონ უნდა იშოვოს, შესაბამისად ეს არის აუცილებელი ელემენტი ამ თააშის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოიკითხა. მან აღიარა, რომ უკანონო შემოსავლებს იღებდა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.