კობახიძე ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის წინააღმდეგ - რა თქვა "ოცნების" პრემიერმა მზია ამაღლობელზე

23.10.25 11:09
კობახიძე ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის წინააღმდეგ - რა თქვა "ოცნების" პრემიერმა მზია ამაღლობელზე

 

 

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი დაკავებული ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემას გამოეხმაურა და თქვა, რომ "უცხოური აგენტურა ვიღაცეებს უფასებ საკუთარ მცდელობას".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "უცხოურ აგენტურას ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს".

მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს. მაგრამ, ვიღაცეებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს," - განაცხადა კობახიძემ. 

მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც და თქვა, რომ "სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება". 

დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს... ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.

სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს - მტრად.

ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ... სახაროვის პრიზი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრის სახელს ატარებს, რომელიც ჩვენ „მცირე იმპერიას“ გვიწოდებდა და საქართველოს დანაწევრებას გულშემატკივრობდა. ისევე, როგორც არ ახსოვთ, რომ სახაროვის პრიზი რუს შოვინისტს, ნავალნისაც მიანიჭეს, რომელიც გულმოდგინედ უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპაციას.

სახაროვის სახელობის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე მისი დაჯილდოება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები