დაკავებულია ანდრია ლილუაშვილი - სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი
ირაკლი ღარიბაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრების დაკავება გრძელდება - რამდენიმე საათის წინ ხელბორკილები დაადეს ანდრია ლილუაშვილს. ეს უკანასკნელი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.
სუს-ის ექს შეფის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
დღეს, აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით." - აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის გუშინ პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.