პაპუაშვილი ზვიად ცეცხლაძე ტერორისტს უწოდებს და ევროკავშირს აკრიტიკებს
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წინააღმდეგ - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე, რომელსაც ევროკავშირის საელჩომ ციხეში წერილი გაუგზავნა, ტერორისტად მოიხსენია და ირწმუნებოდა, რომ EU ექსტრემისტების და ტერორისტების მხარდამჭერია.
ტერორისტთან მიმოწერა, არანაირი ყოფითი, ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის - თქვა დღეს პაპუაშვილმა.
უბრალოდ გამაოგნებელია, როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტს წერს წერილს. ამას ვენის კონვენცია სჭირდება თუ უბრალოდ, ადამიანობა სჭირდება, რომ ტერორისტთან არ იყო სალონურ მიმოწერაში?! გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განმარტება, რომ თითქოს, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, რომ ფოსტა მისდით საქართველოს მოქალაქეებიდან და საელჩოს თანამშრომლები სხედან და მათ პასუხებს სწერენ მიმდინარე საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე. მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები. კიდევ ერთხელ, ტერორისტთან მიმოწერა, არანაირი ყოფითი, ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის. თვითონ ფაქტი არის სკანდალი, მაგრამ მეორე არის კიდევ წერილის შინაარსი. აქციებზე ძალადობის გამო მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არ არის მხარდაჭერა?! ვის ატყუებენ?! ასეთი საქციელის გამო არის წახალისებული ძალადობა ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორიზმი“ - განაცხადა პაპუაშვილმა.