რასაც ივანიშვილი ქვეყანაში ამყარებს, არის ორღობის დიქტატურა, სადაც ადამიანს არავითარი ფასი არ აქვს - დათუნაშვილი
რასაც ივანიშვილი ამ ქვეყანაში ამყარებს, არის ორღობის დიქტატურა, სადაც ადამიანს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ “ტვ პირველის“ ეთერში “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ ხდება, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კახა კალაძე “ოცნების“ მერობის კანდიდატი არ იქნებოდა, რადგან მისივე თქმით, “მის კორუფციაზე ყველაზე მეტი მტკიცებულებაა დაგროვებული“.
რასაც ივანიშვილი ამ ქვეყანაში ამყარებს, არის ორღობის დიქტატურა, სადაც ადამიანს არავითარი ფასი არ აქვს. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ორჯერ პრემიერი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ორჯერ იყო შს და თავდაცვის მინისტრი, არცერთი მისი თანამდებობა არ იყო ხელწამოსაკრავი, ყოველთვის იყო ცენტრალური ფიგურა, ამ კაცმა პირდაპირ თქვა, რომ ის ფულს იპარავდა. ეს ყველაფერი რომ იყოს კორუფციასთან ბრძოლა, კახა კალაძე “ოცნების“ მერობის კანდიდატი არ იქნებოდა, რადგან მის კორუფციაზე ყველაზე მეტი მტკიცებულებაა დაგროვებული. იმას კანდიდატად აყენებ? ე.ი. იმასთან დალაგდი. სინამდვილეში ესენი არიან პოლიტიკურად წაგებული “ქართუს“ კლანი, ახლა კი ცდილობენ, რომ მათზე პიარ კამპანიაა დააშენონ. ამ კლანის მთლიანად “გაპარსვას“ ახდენს ივანიშვილი, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ამ ყველაფერს კი კობახიძის რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ თან აჩვენოს, რომ ის კორუფციას ებრძვის.
ეს ყველაფერი შოუა - ნაწილს გეუბნება, რომ ვიმარჩიელოთ, ნეტავ რატომ დაიჭირეს, იმისთვის, რომ თავიანთ რიგებში შეაშინონ წვრილფეხობაც და სხვებიც. ეგ ზღაპრები არავის სჯერა. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ პროვინციული დიქტატურის რეალობაში, სადაც ასობით მილიონის ქურდი ასე იქნება დაფასებული, - განაცხადა დათუნაშვილმა.