ნინო დოლიძე: „ქართული ოცნება“ დასავლეთში ახალი ლობისტების მეშვეობით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას
"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ურთიერთობის აღდგენა ვერც ევროკავშირის ქვეყნებთან და ვერც ამერიკის ადმინისტრაციასთან. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ წარუმატებლობის ფონზე ცდილობს დასავლეთში გავლენიანი ბიზნესის მეშვეობით პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას, მათ შორის ახალი ლობისტების დახმარებით.
საქართველო არის სრულ იზოლაციაში და მას არ აქვს არანაირი ურთიერთობა ევროკავშირის სახემწიფოებთან და ასევე ვერ მოახერხეს ვერანაირი კონტაქტის დამყარება აშშ-ს ადმინისტრაციასთან. ჩვენ ვიცით, რომ მათ არაერთი ცდელობა აქვთ ამისი, თუმცა იმედგაცრუებული წერილებიც ვნახეთ მათი მხრიდან, რომ აშშ-თან ვერ ხერდება ამ ეტაპისთვის ვერანაირი ურთიერთობის დალაგებას. ისინი ცდილობენ სხვადასხვა გზებით, როგორმე მოახერხონ, მათ შორის, ეს შესაძლოა, იყოს ბიზნესის გზებიც, თუმცა რამდენად შეძლებენ ამას, ჩვენ არ ვართ ამაში დარწმუნებული, - ამბობს ნინო დოლიძე.
ბიძინა ივანიშვილის პარტიას, „ქართული ოცნებას“,ამერიკის კონგრესში ახალი ლობისტი გამოუჩნდა. საქმე ეხება ბიზნესმენ სტივ ნიკანდროსს, რომელიც ხელმძღვანელობდა ენერგოკომპანიას „ფრონტერა“. სწორედ ამ კომპანიამ წააგო საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან და სახელმწიფოს დიდი თანხის გადახდა დაეკისრა.
ახლა კი ნიკანდროსი, მიუხედავად წარსული ფინანსური დავის, ამერიკელ პოლიტიკოსებს წერილებს უგზავნის და ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის დისკრედიტაციაც არ უნდა მოხდეს.
სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა გამოცემა Reuters-მა. გამოცემის ცნობით, სწორედ ნიკანდროსია ის პირი, რომელიც ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდებს, არ მიიღონ საქართველოს მთავრობის არაღიარების აქტი, რასაც ოპოზიცია და ამერიკელი სენატორების ნაწილი ემხრობა.
მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარული და მოსკოვისკენ მიდრეკილი ხელისუფლების იმიჯს იძენს.