დამნაშავე სინდიკატი საკუთარ წევრს ბოლომდე არ სწირავს - ფავლენიშვილი ღარიბაშვილზე

24.10.25 12:19
დამნაშავე სინდიკატი საკუთარ წევრს ბოლომდე არ სწირავს - ფავლენიშვილი ღარიბაშვილზე

"სამარცხვინო და ამორალური" - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პროკურატურის გადაწყეტილებას, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

პოლიტიკოსი "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ "დამნაშავე სინდიკატი საკუთარ წევრს ბოლომდე არ სწირავს". 

აბსოლუტურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ძარცვავდა ქართველ ხალხს. უმაღლეს და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო, გირაოს გადახდის შემდგომ, შეიძლება ციხეში არ გაუშვა და ამის ნაცვლად ციხეში გაუშვა ის ადამიანები, რომლებიც ქუჩას კეტავენ ან აქციაზე იმყოფებიან და წლობით უშვებენ ამ ადამიანებს ციხეში. ეს არის ამორალური, პოლიტიკას და სამართალს რომ თავი დავანებოთ. მნიშვნელოვანია, ის, რომ დამტკიცდა ბრალდებები, რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ და იგივე ხალხი, ვინც ეს დააკავა, გვეუბნებოდა, რომ ცილს გვწამებთო, არადა საჯარო იყო ის ყოვლისმომცველი ღარმა კორუფცია, რომელშიც ჩამხრჩვალი იყო ეს კონკრეტული კლანი. თუმცა, არც სხვა კლანები არიან კორუფციისგან თავისუფალი. გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი არის, რომელიც ბოლომდე არ წირავს საკუთარ წევრს, მოხდა მისი მიწასთან გასწორება, მაგრამ ციხეში გაშვება ჯერ არ გადაწყდა. ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა. შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს აბსოლუტური ძარცვა და ეკონომიკური უკანონო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს ქართველი ხალხის ღალატს და მისი ბიუჯეტის ძარცვას და ამავდროულად, იგივე ხელისუფლება ციხეში უშვებდეს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელსაც ჭიანჭველასთვის ფეხი არ დაუდგამთ არასდროს, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.
პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.

მსგავსი სიახლეები