"სამწუხარო და დასანანია" - კალაძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ საქმეებზე ინფორმაცია არ ჰქონია

24.10.25 13:13
"სამწუხარო და დასანანია" - კალაძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ საქმეებზე ინფორმაცია არ ჰქონია

 

 

ძალიან სამწუხარო და დასანანია, - ასე ეხმიანება კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენი ბრალს. დედაქალაქის მერი ამტკიცებს, ექსპრემიერის კორუფციულ საქმეებზე ინფორმაცია არ ჰქონია და ყველაფერი საგამოძიებო უწყებისგან შეიტყო.

კალაძე ამბობს, რომ წინდაწინდასკვნები არ უნდა გაკეთდეს და საზოგადოება გამოძიების შედეგებს უდა დაელოდოს.

ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ. დღეს თქვენ იცით, რომ პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობა დატოვებული აქვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მან პირადად გააკეთა პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას.

რაც შეეხება კითხვებს, არ გვქონია, იმიტომ, რომ რაც შეეხება ავტომობილებს, ეს იყო სახელმწიფო საკუთრება, რითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, რაც შეეხება [მისი შვილის ჩარტერით აშშ-ში] გადაფრენას, ამასთან დაკავშირებით მან განმარტებები გააკეთა და დღეს აღნიშნული საინტერესო არ არის. დაველოდოთ პასუხებს, დაველოდოთ გამოძიება როგორ წარიმართება, როგორ დასრულდება და მერე გააკეთეთ დასკვნები, წინასწარ არ არის სწორი და არ არის ლამაზი, - განაცხადა კალაძემ.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.

პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით. 

მსგავსი სიახლეები