გახდება თუ არა შევსებული დეკლარაციები კალაძის წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი? - რას ამბობს დედაქალაქის მერი

24.10.25 13:23
გახდება თუ არა შევსებული დეკლარაციები კალაძის წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი? - რას ამბობს დედაქალაქის მერი

 

 

გახდება თუ არა ღარიბაშვილის მსგავსად, კახა კალაძის წინააღმდეგაც მის მიერ შევსებული დეკლარაციები კომპრომატი? "პირველების" ამ კითხვის საპასუხოდ, დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ "პოლიტიკურად მისი დამარცხება" ვერ მოხდება, რადგან "შემდგარი" ადამიანია და ხალხის პატივისცემა და სიყვარული აქვს.

კალაძე ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატი არ არსებობს.

მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, იმიტომ, რომ მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი. რა კომპრომატზე მესაუბრებით? - თქვა კახა კალაძემ.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.

პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით. 

 

მსგავსი სიახლეები