ირაკლი კუპრაძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პოლიტიკური კორუფციონერი საქართველოში

24.10.25 13:31
ირაკლი კუპრაძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პოლიტიკური კორუფციონერი საქართველოში

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძის თქმით, საქართველოში დღეს მოქმედი ხელისუფლება წარმოადგენს ყველაზე კორუფციულ მმართველობას ქვეყნის ისტორიაში, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი დგას. „ლელოს“ წარმომადგენლის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი ამ კორუფციული სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო და მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული შიდა დაპირისპირების შედეგია.

კუპრაძის თქმით, ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მაღალჩინოსანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კორუფციაში ჩართულობის გამო. 

პირველი პოლიტიკური კორუფციონერი არის ბიძინა ივანიშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული მაღალი თანამდებობის პირი ბრალდებული უნდა იყოს კორუფციაში იმიტომ, რომ დღეს, რა დანაშაულებრივი მმართველობაც არსებობს ქვეყანაში, ეს კორუფციული სქემები ჩაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ამ ყველაფრის, მხოლოდ ერთი ჭანჭიკი, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ ინტერესებს. მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო, არასაპატიმრო, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, თუ ა.შ. ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა იმის გამო, რომ ის დაისაჯოს რაღაც შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობისთვის. რეალურად, ჩვენ გვაქვს შეხება ყველაზე კორუფციულ მთავრობასთან საქართველოს ისტორიაში, ისეთი კორუფციული მთავრობას, როგორიც არის ივანიშვილის ანტიქართული „ოცნება“ საქართველოს არასდროს ჰყოლია“, - განაცხადა კუპრაძემ.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საგამოძებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.

პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით. 

 

მსგავსი სიახლეები