ივანიშვილის მიზანი არა ღარიბაშვილის საპატიმროში ყოფნა, არამედ მის წინააღმდეგ კორუფციული ფონის შექმნა იყო - ბესელია
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელის, ეკა ბესელია შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართული მანიპულაციაა, რომელიც საზოგადოების ემოციებზეა გათვლილი. ბესელიას თქმით, ივანიშვილის მიზანი არა ღარიბაშვილის დაკავება, არამედ მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია იყო - "ოცნების" ხელისუფლებამ ამ პროცესით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნა და საკუთარი ინტერესებით იმოქმედა.
ეს სიტყვების მანიპულაციაა. ასეთ იურიდიულ ნიუანსებში მოქალაქეები არ ერკვევიან თუ იურისტი არ არის. ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო შემოსავალი მაღალი თანამდებობის პირისთვის, ასე ითარგმნება და ასე აწვდის "ოცნება", რომ ეს არის კორუფციული დანაშაული. იქ რა მუხლით ხდება საქმის დაკვალიფიცირება, ეგ სხვა ამბავია. საპატიმროში ღარიბაშვილის ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის ახლა მთავარი მიზანი. "ოცნებამ" ახლა რაც გააკეთა ამით, რომ ღარიბაშვილის მიმართ აჩვენა ნეგატიური, უარყოფითი განწყობა საზოგადოების ნეგატიური ემოციები მიმართა და დასაჯა და შექმნა კორუფციული ფონი მის წინააღმდეგ, ეს იყო ამოცანა. თან ათანამშრომლა, თან პირობები ალბათ წაუყენა, - ამბობს ეკა ბესელია.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.
ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.
პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.