"ოცნების" ბრძოლა კორუფციასთან ფარისევლობაა - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამოწყებული საქმე კიდევ ერთხელ ამხელს "ოცნების" ხელისუფლების ფარისევლურ დამოკიდებულებას გამჭვირვალობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართ. მისი თქმით, იგივე პირები, რომლებიც დღეს ბრალს სდებენ ექსპრემიერს, წარსულში ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები კორუფციასთან შეურიგებელნი იყვნენ, თუმცა რეალობა საპირისპიროს აჩვენებს.
ლომჯარიას აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და პასუხისმგებლობის გადატანას მათზე, ვინც რეალურად კეთილსინდისიერად მოქმედებს.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, თუ როგორი ფარისევლურია რეჟიმი, როდესაც ის საუბრობს გამჭვირვალობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ის პირები, რომლებმაც დღეს ბრალი წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, გვიმტკიცებდნენ, რომ მათი გუნდის წევრებისთვის წინ რომ ფული დაგედოთ, ხელს აარავინ მოკიდებდა და სინამდვილეში, პრობლემა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალე სექტორია.
მე მგონია, რომ დღევანდელი რეალობა თვითონ "ქართული ოცნების" მხარდამჭერესაც, თუკი გულწრფელი მხარდამჭერი არსებობს, დააფიქრებს, რამდენად შერჩევითი, უსამართლოა ეს ყველაფერი, რამდენად ფარისევლურია ის განცხადებები, რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე "ოცნების" წარმომადგენლები და რეალურად, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ საზოგადოების მოტყუებას, თვალის ახვევას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების დამალვა და ისრების წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეებისკენ გადატანას, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.
ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.
პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.