ქურდი არ არის, ჯიბგირი არ არის - დაკავებული ძალოვნის დედა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

22.10.21 13:22
ქურდი არ არის, ჯიბგირი არ არის - დაკავებული ძალოვნის დედა  პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

რეპრესიები არჩევნების წინ - სამართალდაცველების მიერ დაკავებული  ყოფილი ძალოვნის, გია დათიაშვილის, დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. დათიაშვილის დედა ირწმუნება, რომ შვილი პოლიტიკური აქტივობის გამო დააკავეს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

გაუყვანიათ ჩემი გარეთ, ეძებდნენ რაღაცას, გადმოყარეს ყველაფერი. ეთქვათ და ეტყოდა ჩემი ბიჭი, სად რა დევს. სად ჰქონდა ტყვიები. რა სისულელეა, რად უნდოდა ან ტყვიები ,ან ასაფეთქებელი. 9 წელია, რაც ესენი მოვიდნენ, არ უმუშავია. 4 წელი იყო უკრაინაში. პოლიტიკურია აბა, რა არის. ქურდი არ არის, ჯიბგირი არ არის, არ მოუკლია არავინ და არაფერი... აბა, რისთვის დაიჭირეს? რას ეძებდნენ ტყვიებს? მოკლა ვინმე? , - ამბობს დათიაშვილის დედა. 

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს გია დათიაშვილის ადვოკატიც.

ადამიანს რაც არ ჩაუდენია, იმას ვერ აღიარებს. ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, მორიგი პოლიტიკური მსხვერპლია ეს ადამიანი. ჩაუდეს იარაღი, პირდაპირ მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ეს განპირობებლია მისი პოლიტიკური საქმიანობიდან და აქტივობიდან გამომდინარე, - აცხადებს ადვოკატი. 

ყოფილი ძალოვნების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით  ხობსა და თბილისში ჩატარდა. დაკავებულები ამ დროისათვის ბრალის წარდგენას ელოდებიან. მათ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ხელისუფლება 14 ოქტომბერს ,,ენმ"-ს აქციაზე ყოფნის გამო დევნის.