მილიონი თავისუფლების სანაცვლოდ - როგორ გადაურჩა ღარიბაშვილი პატიმრობას
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებულ ავტომობილებს უკანონო შემოსავლებით ყიდულობდა. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, საგამოძიებო უწყებამ მას უკვე ბრალდებულის სტატუსი მიანიჭა. როგორც დღეს პროკურატურამ დაადასტურა, დეკლარაციებში ღარიბაშვილი ყალბ მონაცემებს უთითებდა და პარალელურად, ბიზნეს საქმიანობით იღებდა დაუფიქსირებელ შემოსავალს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სატელევიზიო გადაცემამ „შაბათის ეთერმა“ საჯაროდ დასვა კითხვები ყოფილი პრემიერის ფუფუნების ნივთებისა და ავტომობილების წარმომავლობაზე, რასაც მაშინ ოფიციალური სტრუქტურები უპასუხოდ ტოვებდნენ.
ღარიბაშვილის მეგობარი და თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ექსპრემიერისთვის წაყენებულ ბრალდებას მოკლედ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ღარიბაშვილის სიმდიდრეზე კითხვები არასდროს გასჩენია და ყველაფერი ახლა გაიგო“.
გამოძიების ცნობით, ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში არ ასახავდა რეალურ შემოსავლებს და ქმნიდა სურათს, თითქოს ქონება საჩუქრებისა და სხვა კანონიერი წყაროებიდან ჰქონდა მიღებული. პარადოქსულად, რამდენიმე თვის წინ დეკლარაციების შემმოწმებელი უწყება აცხადებდა, რომ ღარიბაშვილის ქონებრივ დოკუმენტებში დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.