საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციის აკრძალვის წინააღმდეგ - დაპაუზდება თუ არა "ოცნების" მოზადებული კანონის ამოქმედება
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტია „ძლიერი საქართველო“ გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საჩივრის შეტანა დაგეგმილია ორშაბათს, სადაც პარტია მოსამართლეებს არგუმენტებით დაუმტკიცებს, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებული კანონები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
პარტია ასევე გეგმავს, შემდეგ ეტაპზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანოს. გასაჩივრების მთავარი საგანია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიების გაუქმებას და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.
„ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, დროებითი შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს და შეაჩეროს როგორც ივანიშვილის სარჩელის, ისე მასთან დაკავშირებული კანონების მოქმედება მანამ, სანამ ოპოზიციის საჩივარს არ განიხილავს.
სამართლებრივ ბრძოლას ამზადებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც - ისინი საკუთარ სტრატეგიებს ამუშავებენ, თუმცა საერთო მიზანი ერთია: შეაჩერონ პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და ოპოზიციის იძულებითი გაუქმება.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელ პარტიებსა და პოლიტიკოსებს შეეხება მმართველი გუნდის მოსალოდნელი აკრძალვის სია - „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის გასაჯაროება უკვე ორჯერ გადადო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.