"ამ საქმეს დაერქმევა ივანიშვილის ზვიგენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ" - გიორგი ჩალაძე
"ამ საქმეს დაერქმევა ივანიშვილის ზვიგენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ" - ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ განაცხადა და თქვა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა დასრულდა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის მთავარი კითხვები მიხეილ სააკაშვილითან საჯარო პოსტებს შეეხებოდა, რომელშიც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღებაზე.
გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, რომ დაკითხვის პროცესი სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა.
ახლა დასრულდა პრეზიდენტი სააკაშვილის გამოკითხვა ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე. პროცესი მიმდინარეობდა პრეზიდენტი სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. გამოძიებას კითხვები ჰქონდა და სასამართლომ საშუალება მისცა გამოძიებას ამ კითხვების დასმის - პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკური ბრალდების პროცესებზე გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე.
მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პროკურატურა ემზადება ახალი საქმის აღსაძვრელად. ჩვენ გვაქვს "პიჯაკების საქმე" პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ახლა ახალი საქმე იქნება ბიძინა ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის ხუმრობა. საგამოძიებო სამსახურის მთავარი კითხვები და აქცენტი წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტებს ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღების თაობაზე, ეს არ არის კიდევ ერთხელ ხუმრობა, ეს არის პროკურატურის ახალი საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ საქმეს ალბათ დაერქმევა ბიძინა ივანიშვილის ზვიგენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.