ლევან იოსელიან მზად არის პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება 4 ოქტომბრის საქმეზე

24.10.25 22:44
ლევან იოსელიან მზად არის პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება 4 ოქტომბრის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 4 ოქტომბერს, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდა, მან პაატა მანჯგალაძეს დაურეკა და კითხა როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი. 

ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მაშინ პაატა მანჯგალაძე მას დაეთანხმა და უთხრა, რომ ეს ადამიანები სასწრაფოდ იყვნენ იქიდან გამოსაყვანი. 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის მზადაა ამ საუბრის შესახებ სასამართლოში ჩვენება მისცეს. 

მე რამდენიმე დღის წინ მოვინახულე პაატა მანჯგალაძე და ვესაუბრე მას, პაატა ნორმალურად გრძნობს თავს. პაატას ადვოკატმა მომმართა მე განცხადებით და მისი სურვილი იყო ჩემთან შეხვედრა, სხვას არ მოუმართავს [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს], თუ მომმართავენ აუცილებლად ვნახავ. თუ არ აქვს ადამიანს ჩემი ნახვის სურვილი ძალით... თუმცა თუ მას რაიმე პრობლემა ექნება, ესეც არ არის დამაბრკოლებელი, რომ პირადად მოვინახულო. 

როდესაც 4 ოქტომბრის ამბები ხდებოდა და როდესაც პოლიტიკოსები ჩავიდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ და შევიდა ადამიანების ჯგუფი, მოუწოდებდნენ, როგორც იყო... მე ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, კომენტარიც გავაკეთე მერე "პალიტრასთან", რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ყველაფრის შემყურე იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ამ ყველაფერს რა მოყვებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ 3-4 ადამიანს თუ რაღაცა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა, ამას უამრავი ადამიანის პატიმრობა მოჰყვებოდა იმიტომ, რომ იქ შესვლა თავისთავად უკვე გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ეს სცენა, რომ ვნახე დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, იმ მომენტში როცა ვნახე რომ გადადიან ეს ადამიანები, მოანგრიეს ჭიშკარი, თუ ღობე და შედიან სასახლის ტერიტორიაზე, დავურეკე მე პაატა მანჯგალაძეს, რადგან ვისმენდი, რომ ის იყო ამ ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტში და შეიძლება ითქვას, რომ მაგრად ვეჩხუბე. პაატასთან მაქვს ისე ურთიერთობა, ადამიანს რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, პარლამენტში კოლეგები ვიყავით, ვუთხარი - რას აკეთებთ, როგორ შეიძლება, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ამ ადამიანებს ხვალ რომ ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გაუშვებენ ციხეში ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და პაატამ მითხრა, რომ ის აბსოლუტურად მეთანხმებოდა და არ იზიარებდა იმას რაც იქ ხდებოდა და რომ ეს ადამიანები სასწრაფოდ იყვნენ იქიდან გამოსაყვანი. ეს არის მისი სიტყვები და მე ამას იმიტომ ვამბობ საჯაროდ, რომ არ ვიცი მის ადვოკატს გამოადგება, თუ შეიძლება პაატას დასჭირდეს ჩემი ეს ახსნა-განმარტება, მე მზად ვარ რომ ეს სასამართლოზეც ვთქვა, მივცე ამის შესახებ ჩვენება, რომ პაატამ დამიდასტურა მე, რომ ის არ იყო ამ ყველაფრის მომხრე ტელეფონში როცა ვესაუბრებოდი და რომ ეს ადამიანები იქიდან გამოსაყვანიც იყო და არ იზიარებდა. 

არა, არ მილაპარაკია ამაზე მასთან. უბრალოდ მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რადგან ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი აქვს წაყენებული და მე ასეთი რამე მითხრა, მე საჯაროდ ამის შესახებ ვთქვა, თუ ეს რამეში დაეხმარება, მის ბრალს შეამსუბუქებს, ან შეიძლება წინაპირობა გახდეს მისთვის გათავისუფლების, მე მზად ვარ რომ ამის შესახებ სასამართლოში ვისაუბრო," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

მსგავსი სიახლეები