"დაუწესეთ სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნებს" - ALDE რეზოლუციის მისაღებად ემზადება
ევროპის პოლიტიკური ჯგუფი ALDE დღეს რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რომლის ერთ-ერთი თავი ეხება საქართველოს და ევროკავშირისადმი მოწოდებას, დასანქცირდნენ "ოცნების" მაღალჩინოსნები. დოკუმენტში ასევე საუბარია ივანიშვილის გუნდის ლიდერებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე - სწორეს ეს არის დოკუმენტის მთავარი მოწოდება, რომელსაც, დელეგატები ევროპული სახელმწიფოებიდან ევროკავშირს გადაუგზავნიან.
ევროპელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველო ავტორიტარიზმის გზაზე დგას და ამის დასტურია "ოცნების" გაცხადებული გეგმაც: გააუქმონ პარტიები, დააკავონ პოლიტიკოსები და კანონებით ჩაახშოს პროტესტი, რომელიც ერთი წელია ქვეყანაშია.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა დემოკრატიული პარტიების უმეტესობამ, მათ შორის ALDE-ს სამმა წევრმა, ჩატარდა საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.
ალდე მოუწოდებს "ოცნებას" დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და სინდისის სხვა პატიმრები.
ევროპის პოლიტიკური ჯგუფი გამოსავლას ახალ არჩევნებში ხედავას და მოუწოდებს ივანიშვილის გუნდს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, დაშინებისგან თავისუფალ გარემოში.
ალდე დოკუმენტით ევროკაშირს მოუწოდებს ყველა საშუალებით დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.
ბრიუსელში "ალდეს" ღონისძიებაზე იმყოფება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.
„ყველა მხარდაჭერა და ყურადღება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომაც, რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული ALDE-ს მიერ, აერთიანებს ევროპული კავშირის წამყვანი სახელმწიფოების ხელისუფლებებს, ევროკომისრებს, მინისტრებს, ევროპარლამენტარებს, ამ რეზოლუციის მიღება, რომელიც ძალიან მკაფიოდ არქმევს სახელს "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და იმ დემოკრატიული ბრძოლისადმი, რაც განურჩევლად პარტიულ-პოლიტიკურობისა, გაგვაჩნია ჩვენი ევროპული ინტერესების დაცვის საკითხში”,- განაცხადა გეგელიამ.