ექსკლუზივი: ვის სახლებში ეძებდნენ გადამალულ მილიონებს?

25.10.25 20:30
ექსკლუზივი: ვის სახლებში ეძებდნენ გადამალულ მილიონებს?

ჟურნალისტური გამოძიება - ვინ არის, ირაკლი ღარიბაშვილთან, გრიგოლ ლილუაშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ხალხი, ვისთანაც სუს-ი ჩხრეკებზე შევიდა. 

"შაბათის ეთერი" იმყოფებოდა ყველა მისამართზე, სადაც ექსპრემიერის უახლოესი გარემოცვა ცხოვრობს და სადაც დიდი ალბათობით, ჩხრეკაც უნდა ჩატარებულიყო: 

  • ონიაშვილის 1 ნომერში, ექს-პრემიერის და თეა ღარიბაშვილი და ცოლის და ნათია თამაზაშვილი ოჯახებით ცხოვრობენ. საცხოვრებელი აპარტამენტები მათ სახელზე ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაფორმდა. შევიდნენ თუ არა ერთ დროს პრემიერის მიერ კონტროლირებადი უწყებები ჩხრეკაზე, მთავრობის ყოფილი მეთაურის დისა და ცოლისდის სახლებშიც? - კითხვა "შაბათის ეთერმა" დასვა, რაზეც ფაქტის უარყოფა ნათია თამაზაშვილს გაუჭირდა.

ამასთან, "შაბათის ეთერი" იმყოფებოდა ქარხანაში, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მალავდა. ამას "შაბათის ეთერი" ჟურნალისტურ გამოძიებაში 3 წლის წინ ჰყვებოდა, რომლის გამოც მაშინ ტარიელ ღარიბაშვილმა სასამართლოში გვიჩივლა. 

არალეგალურად მიღებული შემოსავლებით უყიდია გამოძიების ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილს ძვირადღირებული ავტომობილებიც. ტყუილი ყოფილა პრემიერის მიერ დეკლარაციაში ჩაწერილი, მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 150 ათასი ლარის ამბავიც.

  • გაიჩხრიკა ძმები პარკაულების სასახლე საგურამოში - თორნიკე და ვანიკო ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ერთი სუს-ში, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.  პარკაულების გვარი უკანასკნელად მხოლოდ შარშან საბა სხვიტარიძის დაკავებისას გაჟღერდა, როცა ვანიკო პარკაულმა საბა კინაღამ დაახრჩო.  პარკაულებს საგურამოში სხვა კუთხით იცნობენ - აქ იციან, რომ ისინი განკარგავენ მიწებს. მათი საკუთრებაა სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილიც. საგურამოში გვიყვებიან იმასაც, რომ გავლენიანი ოჯახის საკუთრება გახდა საზოგადოებრივი ტრნსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებაც. ავტობუსის მოსაცდელის ნაცვლად, აქ ახლა ხორცის მაღაზია დგას. 

ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც სუსი სახლში ჩხრეკაზე შეუვარდა, პოლიციელმა ვანიკო პარკაულმა პატაკი დაწერა. დღეს პარკაულები ამტკიცებენ, რომ მათი სახლიდან ერთი ლარიც კი ვერ ამოიღეს. 

"შაბათის ეთერის" წყარო ჰყვება, რომ გაჩხრეკილი პოლიციელების ოჯახი კავშირშია ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელთანაც.

წყაროს ინფორმაციით, ჩხრეკა გასულ კვირას აწ გარდაცვლილი დავით ველიჯანაშვილის სახლშიც ჩატარდა, რომელიც ვახტანგ გომელაურის უახლოესი მეგობრი და ნათელმირონი იყო.  [მის სახელზე არსებული ქონებები და ბიზნესწილებიცამჟამად ნანა ჯანაშიაზე მემკვიდრეობით გადაფორმდა]. ველიჯანაშვილის ქონების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ყველა ბინისა და სახლის გადაღება ერთ რეპორტაჟში ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. 

ფულს, ძვირფასეულობას და არალეგალური შემოსავლების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ეძებდნენ ძალოვანები მცხეთის რაიონში, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის სახლშიც. ჩხრეკა ანდრია ლილუაშვილის კიდევ 3 სახლში ერთდროულად ჩატარდა. 

1 319 300 დოლარი ამოიღეს, შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, კობა ხუნდაძის სახლიდანაც. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და ძებნაა გამოცხადებული გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის კიდევ ერთ წევრზე, ბიჭიკო პაიკიძეზეც. 

გამოძიებას ჯერ  ლექსო თამაზაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე უსაუბრია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღიარებული უკანონო შემოსავლები, შესაძლოა ჰესების ბიზნესს და ამ ბიზნესში ჩართულ ექსპრემიერის ცოლისძმასაც ეხებოდეს. 

  • მაშავერას ხეობაში, ლექსო თამაზაშვილის ,,მომავლის ენერგიებს’’ 112 000 კვადარატული ტერიტორია, ნახევარი საუკუნით, დღეში 20 ლარად, მთავრობის განკარგულებით გადაეცა. თამაზაშვილი ამ ბიზნესში, განკარგულების გამოცემიდან მეორე დღეს შედის, რაც კითხვებს გამომძიებელი ჟურნალისტების შემდეგ, სავარაუდოდ გამოძიებასაც გაუჩენს.
  • სავარაუდო კორუფციულ სქემაში, ტარიელ ღარიბაშვილის გვარიც ფიგურირებს. მაშავერას ხეობაში ჰესის მშენებელ კომპანიას ლექსო თამაზაშვილთან ერთად, 26 წლის გიორგი თეთრაძეც ფლობს. თეთრაძე ნახიდურ ჰესის ერთ-ერთი პარტნიორიცაა. ნახიდურჰესში კი ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესინტერესი ოფიციალურად არის დადასტურებული. თუმცა იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილისთვის, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის დასადასტურებლად, მიმდინარე გამოძიებამაც გამოიყენოს. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომელმაც ჰესი უნდა ააშენოს, რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრები არიან.
  • გიორგი მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, უკვე ბრალდებული რომეო მიქაუტაძის ძმა. ის მომავლის ენერგიის მეწილე იყო. ახლა მის ნაცვლად კომპანიაში მაია ყურაშვილია, რომეო მიქაუტაძის რძალი და გიორგი მიქაუტაძის ცოლი. კორუფციის ბრალდებით დაკავებული ექსმაღალჩინოსნის ოჯახის წევრი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ საკითხითაც დაინტერესდეს. 24 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე, რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ადასტურებს, რომ ჰესის თემა გამოძიებისთვის მართლაც საინტერესოა. ეკონომიკის სამინისტროს ექსმაღალჩინოსანმა სასამართლოს დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ კომპანია მომავლის ენერგიის გაყიდვის შემდეგ, მიქაუტაძემ ამ საქმეში დახმარებისთვის 400 ათასი დოლარი მიიღო. ნაწილი ხელზე და ნაწილი მეუღლის ანგარიშზე. 

მიხეილ ჩოხელი კიდევ ერთი ფიგურანტია, ვინც გაჩხრიკეს, ვისი სეიფებიდანაც დიდი ოდენობით ფული ამოიღეს და გვითხრეს, რომ ამ პერსონის მიმართ ინტერესი, ოთარ ფარცხალაძესთან ახლო კავშირის გამო გაჩნდა. ჩოხელის სეიფებიდან 2 900 000 ათასი ამერიკული დოლარია ამოღებული და ფაქტს არც ადვოკატი უარყოფს. ჩოხელის უფლებადმცველი ირწმუნება, რომ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის ბიზნესმენ მარჯვენა ხელს, ამ თანხის წარმომავლობის დადასტურება შეუძლია. 

ვის სახლებში ჩატარდა ჩხრეკა - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები