სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა - საქმეს გრიფი დადეს

25.10.25 17:55
სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა - საქმეს გრიფი დადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელი პროცესი მედიისთვის დახურეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, "ის ფაქტობრივად ტყვეობაშია". საქმეში კი მის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ექს შეფის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებენ. 

  • სუს-ის ექს შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს. 

სუს-ის ექს შეფის ნათესავს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები