სუსი ეჭვობს, რომ ბურჭულაძე ფულს კრიპტო ვალუტებში მალავდა

25.10.25 21:22
სუსი ეჭვობს, რომ ბურჭულაძე ფულს კრიპტო ვალუტებში მალავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ჯუანშერ ბურჭულაძე ბიუჯეტიდან მოპარულ ფულის ნაწილს კრიპტო ვალუტებში მალავდა. 

სუს-ი ახლა ფულის კვალს კრიპტო ბაზარზე ეძებს და სხვადასხვა ქვეყნებს დახმარების თხოვნით მიმართავს. 

საქმის მასალებში დევს სუს-ის გამომძიებლის პატაკი, სადაც ეს უკანასკნელი წერს, რომ ოპერატიულად მიიღო ინფორმაცია, რომ თანხები კონკრეტულ ადგილას ჩაირიცხა და ასახელებს გარკვეულ კოდებს. 

დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებიც, შვილებიც არ უარყოფენ, რომ ბიტკოინებში ფულის დაბანდება მათი გატაცებაა. 

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები